"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გია ბარამიძემ "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას სკანდალური საქმეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თუ რომელიმე მათგანზე მნიშვნელოვანი დეტალები გასაჯაროვდება, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, შესაძლოა, არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს.
"არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ისეთი მოვლენები ვიხილოთ მომავალში, სანამ არჩევნები იქნება, რომ რაღაც სკანდალური საქმეები გაიხსნას. მაგალითად, ვინ დაუკვეთა და რატომ მოახდინა "ქართულმა ოცნებამ" ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის სპეკულაცია; ან, მაგალითად, ეროსი კიწმარიშვილის ამბავი. არ ვამბობ, რომ ასეთი ინფორმაცია მაქვს, უბრალოდ არ არის გამორიცხული ასეთი რამ მოხდეს. მაგალითად, საყდრისთან და მის აფეთქებასთან კიდევ უფრო მეტად რომ არის ივანიშვილი დაკავშირებული; ან, მაგალითად ის, რომ ბიტკოინების ქარხნისთვის ივანიშვილმა თავისთვის ყველაზე დაბალი ტარიფები დაიწესა; მაგალითად, იმ კორუფციულ გარიგებებზე, რომელიც ჰაერშია გამოკიდული -700 მილიონი რომაა მოპარული ერთ გზასთან დაკავშირებით. გეუბნებით, რა შეიძლება მოხდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი საერთოდ ჩამოიშალოს. მაგალითად, გაირკვეს ჩვენი ვაჟკაცი სპეცრაზმელების, ე.წ. კოდორის ოპერაციის მონაწილეების, მათი მკვლელობების ამბავი როგორ არის დაკავშირებული ამ ხელისუფლებასთან. შეიძლება, წამიერად ჩამოიშალოს ეს რეჟიმი, იმიტომ რომ ისეთ უზნეობებს აკეთებს და იმდენი აქვს გაკეთებული, თუ რომელიმეზე მაინც მნიშვნელოვანი საბუთი დაიდება, შეიძლება საზოგადოებამ არჩევნებამდეც არ მიუშვას ეს ხელისუფლება", - განაცხადა გია ბარამიძემ.