ესპანეთს გადამდგარი მეფე ხუან კარლოს I ბურბონი, მას შემდეგ რაც ესპანეთის დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა, დომინიკელთა რესპუბლიკაში გამეგზავრა. ინფორმაციას ესპანური გაზეთი ABC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია, გახდება თუ არა დომინიკელთა რესპუბლიკა ხუან კარლოსის საბოლოო დანიშნულების ადგილი. მანამდე ზოგიერთი წყარო იტყობინებოდა, რომ გადამდგარი მეფე ესპანეთის დატოვების შემთხვევაში, მხოლოდ ახალ ზელანდიაში თუ იცხოვრებდა.
კიდევ ერთი ესპანური გამოცემა El Confidential-ი იტყობინება, რომ ხუან კარლოსი შესაძლოა საფრანგეთში ან იტალიაში გამგზავრებულიყო.
ოფიციალური ცნობა, მეფის ადგილსამყოფლის შესახებ არ ვრცელდება.
3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ხუან კარლოს I-მა თავის შვილს, ფილიპე VI- ს ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.
შეგახსენებთ, ესპანეთის გადამდგარი მეფის წინაღმდეგ უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წელს გამოძიება წამოიწყო. პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს შვეიცარიაშიც.
გამოძიება ინტერესდება ხომ არ იღებდა რაიმე სახის მონაწილეობას ესპანეთის მეფე საუდის არაბეთსა და ესპანურ კონსორციუმს შორის გაფორმებულ მრავალმილიარდიან შეთანხმებაში, რომლითაც ესპანურ კომპანიას მექასა და მედინას შორის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი უნდა აეშენებინა.
როგორც იუწყებიან, არსებობს ვარაუდი, რომ ხუან კარლოსმა 76 მილიონი ევრო მიიღო ამ გარიგებიდან.
ხუან კარლოს პირველი ესპანეთის ტახტიდან 2014 წელს გადადგა.