ლევან თოფაძე, ამ დრომდე, რეანიმაციაში რჩება. მას ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.
ლევან თოფაძე ბიზნესმენისა და ყოფილი პარლამენტარის, გოგი თოფაძის შვილიშვილია. ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ-ჟვანიას შვილმა, ბესარიონ ჟვანიამ დაჭრა.
შსს-ის ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანიამ 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.