ლევან თოფაძე, რომელიც დღეს დილით გამთენიისას, დაჭრეს ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ოჯახის ადვოკატი გიორგი ანთაძე მედიასთან აცხადებს, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ახლა სტაბილურად არის.
ჯერჯერობით დაჭრილს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.
"ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა ვითარებაში მოხდა დაჭრა და როგორ, ამ ეტაპზე, სანამ დაზარალებულად არ გვცნობენ ინფორმაციას არ ვფლობთ. როგორც ვიცი ერთი ჭრილობა ფილტვში აქვს ცივი იარაღით მიყენებული. ხარისხი როგორ და რანაირად განისაზღვრება ამისთვის ექსპერტიზა იქნება საჭირო,"- განაცხადა გიორგი ანთაძემ.
ლევან თოფაძე ბიზნესმენისა და ყოფილი პარლამენტარის, გოგი თოფაძის შვილიშვილია. ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ-ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ დაჭრა.
შსს-ის ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.