თბილისში, პარლამენტის ყოფილი წევრის, გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. ინფორმაცია ტელეკომპანია "ფორმულას" თავად გოგი თოფაძემ დაუდასტურა.
გოგი თოფაძის თქმით, მისი შვილიშვილი სახლში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც თავდამსხმელიც მივიდა და დაჭრა.
"ჩემთვის უცნობი პირია, სამ საათზე ამოვიდა ჩვენთან სახლში სამი ბიჭი და 1 გოგო, მეგობრის ნათესავი. ამოვარდა ეს ბიჭი, არ ვიცი, რა აინტერესებდა, დილის 5 საათი იყო, ეცა ჩემს შვილიშვილს, დაარტყა დანა, 4-ჯერ დაარტყა, ძალიან ღრმა ჭრილობა აქვს და ახლა წევს საავადმყოფოში, გონზე არ არის მოსული. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
ერთ-ერთს, რომელიც ჩვენს სახლში იყო, იცნობდა ეს თავდამსხმელი, დაურეკა, სად ხართო. უთხრა, აქ არის ის ქალბატონიო. წამოვიდა მანქანით, დახვდა ეს ნაცნობი, ამოიყვანა სახლში და პირდაპირ დაარტყა ჩემს შვილიშვილს. არაფერი საერთო არ ჰქონდა ჩემს შვილიშვილს მაგ საქმესთან", - აცხადებს თოფაძე.