ეს არ არის დაპირისპირება, ეს არის მხოლოდ მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომელი პარტიის კანდიდატს აქვს მეტი შანსი "ქართული ოცნების" დასამარცხებლად, - ასე აფასებს რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეუთანხმებლობას "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, ეს არის მხოლოდ მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომელი პარტიის კანდიდატს აქვს მეტი შანსი "ქართული ოცნების" დასამარცხებლად.
"ეს არის უბრალოდ მსჯელობა და კამათი, მწვავეც, რა თქმა უნდა, ვისი კანდიდატურა ჯობია. ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ იყოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც აქვს უფრო მეტი შანსი მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების. მე მოხარული ვიქნები, თუ გარკვეულ ოლქებში მოხდება შეთანხმება, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ შეიძლება იყოს ოლქები, სადაც პირიქით - ჯობდეს რომ რამდენიმე კანდიდატი იყოს, ახლა ეს პროცესია, რომელიც ყოველთვის არის მწვავე დისკუსიით აღსავსე. მთავარია, რომ ოპოზიციაში განხეთქილება არ არის ერთ უმთავრეს საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
2020 წლის არჩევნებისთვის რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდა. "ევროპული საქართველოს" წინადადებას, რომელიც დიდ ქალაქებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მხარდაჭერას გულისხმობს, ხოლო 4 ოლქში - "ევროპული საქართველოს" კანდიდატების, "ნაციონალური მოძრაობა" არ თანხმდება.