ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
მისი თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია.
რაც შეეხება ჯანადაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მიმართ კრიტიკულ განცხადებას, ცერცვაძე ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკით სერგეენკოს მიმართავდა მთელი 7 წლის განმავლობაში და მას შემდეგაც.
„თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით მწვავე და კატეგორიული მოთხოვნებიც არის. პრაქტიკულად, მუშაობას ვერ ვაგრძელებთ, თუ არ იქნა განხორციელებული გადაუდებელი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის დასწრებას კოჯორში, „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ კოჯორში მისი ყოფნა ნამდვილად იყო „ქართული ოცნების“ მიმართ მისი მხარდაჭერის გამოხატულება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა მოსწონს.
„ჩემი კოჯორში ყოფნა ნამდვილად იყო ჩემი მხარდაჭერის გამოხატულება „ქართული ოცნების“ მიმართ. „ქართული ოცნება“ უზარმაზარი ორგანიზაციაა, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებიც უამრავია, პროპორციულის კანდიდატებიც უამრავია და რომელიმე ხელისუფლების პარტიის ან ორგანიზაციის მხარდაჭერა სულ არ ნიშნავს იმას, რომ შენ მხარს უჭერ და მოგწონს მისი უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.