გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განაახლებს გამწვანების აქციას "დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო". ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს ინიციატივით, შემოდგომის დარგვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, აქცია "დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო!" განახლდა, რომლის ფარგლებშიც იფანის, საპნის ხის, თრიმლის, აკაციის და ფშატის ნერგებით დატვირთული სპეციალური მწვანე ავტომანქანა თბილისის ქუჩებში ივლის და მოსახლეობას ნერგებს უსასყიდლოდ დაურიგებს.
"მეორე წელია, ტრადიციად ვაქციეთ აქცია "დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო!" სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დარგული გვაქვს ნახევარ მილიონზე მეტი ნერგი. ეს არის აქციის მეოთხე სეზონი. საშემოდგომო დარგვებზე შეგვიძლია 100 ათასზე მეტი ნერგის დარგვა. დარწმუნებული ვარ, აქცია წარმატებით განხორციელდება", - აღნიშნა ხაჩიძემ.
გამწვანების აქცია 1 თვეს გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც 100 ათასი ნერგი დაირგვება. მსურველებს გამწვანების აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 070 დღე-ღამის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეძლებათ. მწვანე მანქანა თბილისის ქუჩებში ყოველდღე 11-იდან 19:00 საათამდე იმოძრავებს.
სამინისტრომ ღონისძიება პირველად გასული წლის გაზაფხულზე განახორციელა და დარგვის ყოველ სეზონზე იმართება. დღემდე დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში 500 ათასზე მეტი ნერგი დაირგო.