„დარჩი სახლში“ მოწოდების დროს, მშობელს ვერ მიყავდა ბავშვი პოლიკლინიკაში ასაცრელად. მაგრამ ახლა ეს აუცილებელია, იმუნიზაცია აუცილებელია, რათა სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს შემდეგ ქვეყანაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ გადაცემაში „პირადი ექიმი“ განაცხადა.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში 10 საზოგადოებრივ-ჯანდაცვით სახელმწიფო პროგრამაზე, როგორიცაა მაგალითად, იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, ცე ჰეპატიტზე სკრინინგი და ა.შ.
„ექიმთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს ყველა სავალდებულო აცრა, რაც ბავშვს ეკუთვნის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა წითელას საწინააღმდეგო აცრაზე.
„შარშან წითელა ჩავაქრეთ, წელს გვაქვს სულ 12 შემთხვევა, რომელიც არ არის ცუდი, შარშან გვქონდა რამდენიმე ათასი და ეს მოვახერხეთ იმით, რომ შარშან დამატებით 150 000 ავცერით, განსაკუთრებით მოზრდილი. წელს სულ 20 000-ია ექვს თვეში აცრილი. გვინდოდა სადღაც 50 000 დამატებითი აცრა, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდმა წაიღო რესურსი და ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა უნდა „დავქაჩოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.