აფხაზეთიდან განდევნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალით წართმეულ უძრავ ქონებას აფხაზეთში ტურისტულ სეზონზე ევროპული და ამერიკული კომპანიები AirBNB და booking.com აქირავებენ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.
მისი თქმით, სოჭის ხელშეკრულება დღესაც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია, რომელსაც საქართველო აქტიურად უნდა იყენებდეს საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის და, მაგალითად, დევნილთა დაბრუნების საკითხის რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციებში მოხვედრისათვის.
„დღევანდელ დღეს, 1993 წლის 27 ივლისს, რუსეთის ფედერაციის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი კოზირევის მონაწილეობით, სოჭში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ სოხუმიდან პრაქტიკულად მთლიანად გამოიყვანა მძიმე ტექნიკა და არტილერია“, - თქვა გიორგი კანდელაკმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების კონტექსტში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის აღმნიშვნელ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღსა და დოკუმენტს არანაირი ფორმით არ გამოხმაურებია.
„დღევანდელი თარიღი ასევე გვახსენებს რუსეთთან მოლაპარაკებებისას საქართველოსთვის წამგებიან ფორმატზე დათანხმების საფრთხეებს. 1993 წლის 27 ივლისს - ისევე როგორც რამდენჯერმე შევარდნაძის მმართველობის დროს - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დათანხმდა მოლაპარაკებათა ფორმატს, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობდა როგორც შუამავალი და პროცესის გარანტორი, მიუხედავად იმისა რომ თავად წარმოადგენდა მის მხარეს და მისი შეიარაღებული ნაწილები პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში,“ - განაცხადა კანდელაკმა.