კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის 1 415 ადამიანია გამოკვლეული ლილოს ბაზრობაზე, საიდანაც 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, 6-ს კი, განმეორებითი კვლევა უტარდება.
„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობასთან გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ, უკვე 3 დღეა, იქ დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება ... დღეს კიდევ დაახლოებით 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში. ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, საჭიროა მეტი ყურადღება", - ამბობს გამყრელიძე.