39 წლის რუანდელ ლტოლვილს ბრალი წაუყენეს მე-15 საუკუნეში აგებული ნანტის კათედრალის გადაწვის გამო. იტყობინება ფრანგული გამოცემა Le Monde.
გამოცემა, რომელიც ნანტის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობა, იტყობინება, რომ ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 150 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
რუანდელმა ლტოლვილმა, რომელიც კათედრალში წლების განმავლობაში მოხალისეობრივ სამუშაოებს ეწეოდა, აღიარა, რომ განზრახ წაუკიდა ცეცხლი ტაძრის დიდ, მთავარ ორღანს, მცირე ორღანსა და სამართავ ელექტრო დაფას.
ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ რუანდელი მამაკაცი ღრმა სინანულს გამოთქვამს ჩადენილი დანაშუალის გამო და სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მანამდე ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ი იუწყებოდა, რომ ბრალდებული საფრანგეთში 2012 წლიდან იმყოფებოდა და მისი ბინადრობის ნებართვა მიმდინარე წლის მარტში ძალადაკარგულად გამოცხადდა, შესაბამისად იგი ვალდებული იყო დაეტოვებინა საფრანგეთის ტერიტორია.
ნანტის კათედრალის წინამძღვარმა განაცხადა, რომ იგი სრულად ენდობოდა ბრალდებულს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ტაძრისთვის სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა.
ქალაქ ნანტის XV საუკუნის პეტრე-პავლეს კათედრალს ცეცხლი 18 ივლისს გაუჩნდა.
გოთიკური სტილის კათედრალში ხანძარი 1972 წელსაც გაჩნდა, რამაც მისი სახურავი ძლიერ დააზიანა. რესტავრაციას 3 წელი დასჭირდა.
კათედრალი 1434 - 1891 წლებში აშენდა.
ფოტო: EPA