20 ივლისს, ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის კრასიმირ კარაკაჩანოვის მოწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ქ. ვარნაში მონაწილეობა მიიღო საზღვაო საკოორდინაციო ელემენტის (Maritime Coordination Element) გახსნაში, რომელიც წარმოადგენს ვარნის საზღვაო ოპერატიული ცენტრის ახლად შექმნილ ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ საზღვაო საკოორდინაციო ელემენტი შეიქმნა შავი ზღვის არეში მოქმედებათა უკეთესი კოორდინაციისა და კონტროლისთვის, სწრაფი რეაგირებისა და გამოწვევებთან ბრძოლაში მეტი ინფორმირებულობისათვის.
სიტყვით გამოსვლისას ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა კრასიმირ კარაკაჩანოვმა აღნიშნა ქართული მხარის დასწრების მნიშვნელობა ღონისძიებაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეს, მათ შორის, თავდაცვის სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მოინახულა სამხედრო ფრეგადი „დრაჟკი" და ეწვია ნიკოლა ვაპცაროვის სახელობის ვარნის უმაღლეს საზღვაო სასწავლებელს.
სასწავლებლის ხელმძღვანელმა, ფლოტის ადმირალმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბოიან მედნიკაროვმა, საქართველოს ელჩს გააცნო სასწავლების საქმიანობა და შესაძლებლობები. გამოითქვა სურვილი, რომ ქართული მხარე უფრო მასშტაბურად იყოს წარმოდგენილი აკადემიაში და სასწავლებლის თანამშრომლობა საქართველოსთან კიდევ უფრო განვითარდეს.