ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილები აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორები "კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი და "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე არიან. სამინისტროს შენობასთან დევნილებისთვის 3 კარავია გაშლილი.
როგორც საპროტესტო აქციის დაწყების წინ, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, ისინი ითხოვენ სახელმწიფომ უზრუნველყოს 4000 დევნილის თბილისში საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება. ჩხარტიშვილის განმარტებით, დევნილები ბინებს თბილისის ნებისმიერ უბანში ითხოვენ, ერთი პირობით - საცხოვრებელი ფართი მათ საკუთრებაში უნდა გადავიდეს. ჩხარტიშვილისავე განმარტებით, დღევანდელ აქციას ესწრებიან, როგორც ის ადამიანები, ვინც უკვე სახელმწიფომ სახლებიდან გამოასახლა, ასევე ის დევნილებიც, ვისაც მომავალში გამოსახლების საფრთხე ემუქრებათ.
"სახელმწიფომ ამ ადამიანებსაც უნდა დაუკანონოს ის საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ", - განაცხადა ჩხარტიშვილმა და დასძინა, რომ ისინი აპირებენ მინისტრ სუბელიანის სახელზე ოფიციალური წერილი გაგზავნონ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათი მოთხოვნები მაინც არ დაკამაყოფილდება, ჩხარტიშვილის თქმით, აქციები უკვე სუბელიანის გადადგომის მოთხოვნითაც გაიმართება
აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს არ იზიარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა გულუა. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განმარტა, დევნილებს სამინისტრო რეგიონებში სთავაზობს სრულად რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცემათ. გულუას განცხადებით, სამინისტროს ამ ინიციატივას უკვე დათანხმდა 10-დე ოჯახი, რომლებმაც აბაშაში, ფოთსა და ზუგდიდში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ.
"ეს ადამიანები შეჭრილები იყვნენ სხვის საკუთრებაში. ჩვენ მათ ვთავაზობთ. სრულად რეაბილიტირებულ, გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში. ვუზრუნველყოფთ დევნილების ადგილამდე ტრანსპორტირებას და დავეხმარებით დასაქმებაში", - განაცხადა გულუამ.