„ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.
„მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის გენერალურ მდივანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და პარლამენტარებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების ხელმძღვანელებს, პარტიის წევრებსა და მარდამჭერებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.
მივესალმები ღრმად პატივცემულ სტუმრებს, ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს, ექიმებს, პედაგოგებს, კულტურის მოღვაწეებს, სპორტსმენებს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც თქვენი მოღვაწეობითა და შრომით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებაში.
როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, მაქვს პატივი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოვაცხადო.
პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელს საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა ვერ შეძლო „ქართული ოცნების“ წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა. თუმცა, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, გვექნება საშუალება, ჩვენი მიზნები და ხედვები მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე“, - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.
„ჩვენ საზოგადოებას ვუჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ და საარჩევნო კულტურას. „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე წარსდგება კარგად გააზრებული, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული საარჩევნო პროგრამით და იმგვარი კამპანიით, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, - თქვა კობახიძემ.