ეს იქნება ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს პარლამენტს,-განაცხადა როგორც "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ.
"დღეს გაიმართება ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება, სადაც ჩვენ ასევე წარვადგენთ 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. ეს იქნება ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს პარლამენტს. იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრებიც და ახალი სახეებიც. გვაქვს სრული რესურსი, რომ 30-ვე ოლქში მოვიგოთ არჩევნები. მათ შორის, ვფიქრობთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, შეგვიძლია არჩევნები პირველივე ტურში მოვიგოთ", - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნება" დღეს საარჩევნო კამპანიას გახსნის და საზოგადოებას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს. ღონისძიება კოჯორში გაიმართება და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.