თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 16 ივლისის დროებითი განჩინებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, რომ ორ აბიტურიენტს, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ შაბათ დღეს (18 ივლისს) დანიშნულ ინგლისური ენის გამოცდაში, გამოცდა გადაუტანოს 17 ან 19 ივლისს.
"სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციით დაცულ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. სასამართლომ რწმენისა და რელიგიის თავისუფლების და განათლების უფლების მნიშვნელობაზე იმსჯელა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შაბათ დღეს დანიშნულ სესიაში აბიტურიენტების განაწილება, შესაძლოა განპირობებული იყოს ლეგიტიმური მიზნით, ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის დადგენა ხდება კანონის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული წესით. თუმცა მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებში ჩარევა, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც, არ არის გამართლებული, რადგან ჩარევა უნდა იყოს შეზღუდვის პროპორციული და აუცილებელი. შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული ღონისძიება ზღუდავს განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებს.
ინგლისური ენის გამოცდის სესიები, გარდა შაბათისა, დანიშნულია ასევე პარასკევს და კვირას (17 და 19 ივლისს). ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელთა გამოცდის სხვა სესიაზე გადანაწილება შესაძლებელია, რომ ეს არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებას და არ უნდა მოხდეს აბიტურიენტების რწმენის, აღმსარებლობის და განათლების უფლებებში ჩარევა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
აბიტურიენტებმა 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს. რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს.