ბათუმსა და თურქეთის ქალაქ კუშადასს შორის დაძმობილების შესახებ ოფიციალური მემორანდუმი ფორმდება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ბათუმსა და თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კუშადას შორის დამეგობრების ოფიციალური მემორანდუმის გასაფორმებლად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენებთან ერთად, 15 ოქტომბერს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია WAFA-ს (ფესტივალების საერთაშორისო კავშირი) მიერ ორგანიზებულ ღონიესძიებაში მონაწილეობის მიღება რომლის მიზანია დაძმობილებული ქალაქების შეკრება და კულტურულ ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება. საქართველოს გარდა ამ ფესტივალში მსოფლიოს 20 ქვეყანა მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ივლისში თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კუშადასის დელეგაცია ბათუმში უკვე იმყოფებოდა. კუშადასის მერიისა და ბიზნესის წრეების წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ, სადაც დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს. მანამდე კი ათწევრიანი დელეგაცია ბათუმის მერმა მიიღო. მიმდინარე წლის მარტში ბათუმის მერიის წარმომადგენლები კუშადასში იმყოფებოდნენ, სადაც ხელი კუშადასსა და ბათუმს შორის დაძმობილების წინასწარ შეთანხმებას მოეწერეს. ბათუმის მსგავსად, კუშადასი ძირითადად ტურიზმზე ორიენტირებული ქალაქია. ტურისტული სეზონი აპრილიდან ნოემბრამდე გრძელდება. აქ მდებარეობს ევროპაში სიდიდით პირველი აკვაპარკი ადალანდი, რომელიც სეზონზე ათიათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.