საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ლინა მენდონიმ თურქეთის გადაწყვეტილებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ ცივილიზებული სამყაროსთვის ღია პროვოკაცია უწოდა.
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის გადაწყვეტილება აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ გააუქმა. ამ გადაწყვეტილებისთანავე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანება ტაძრის მეჩეთად გადაკეთებისა და იქ მუსლიმური ღვთისმსახურების დაწყების შესახებ.
"იუნესკოს განცხადებიდან მეორე დღეს თურქეთის სასამართლოს დადგენილება სრულად ამტკიცებს, რომ მეზობელ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება", - განაცხადა მენდონიმ.
მენდონიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - ტაძრის ისლამიზაციის ანალოგიური ოპერაციის დროს, იმავე სასამართლომ აღნიშნული საკითხი არ განიხილა.
"დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ერდოღანის პოლიკიტიკური ნების შედეგია, რაც ცივილიზებული მსოფლიოსთვის ღია პროვოკაციას წარმოადგენს“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის საშინაო საქმეებში არავინ ერევა.
"თუმცა აია სოფიას ტაძარი, რომელიც მის ტერიტორიაზე, სტამბოლში მდებარეობს, წარმოადგენს მთელი კაცობრიობის ძეგლს, რელიგიის მიუხედავად. ნაციონალიზმი, რომლითაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ერდოღანი - არასწორი მრჩეველია, მან თავისი ქვეყანა ექვსი საუკუნით უკან გადასწია", - აღნიშნულია განცხადებაში.
"პრეზიდენტმა ერდოღანმა გადაწყვიტა თურქეთის კულტურის იზოლირება", - განაცხადა მინისტრმა.