მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება, რომლის მიხედვით, კახა ოქრიაშვილის მიერ 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული.
„სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეების მატერიალური ან სხვა სახის დახმარება კანონდარღვევად ითვლება „არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით“. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ასეთი აქტი გამოცემული არ არის. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის 1 პუნქტში, „ამომრჩევლის მოსყიდვა“ დეტალურადაა განმარტებული და ნათელია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის პირველადი საკვები პროდუქტით დახმარება (პროდუქტების კალათის ღირებულება არ აღემატებოდა 100 ლარს) არის სოციალური პასუხისმგებლობის აქტი და არა „ამომრჩევლის მოსყიდვა“, - ამბობს ოქრიაშვილილ და აღნიშნავს, რომ 16 000 ოჯახს პროდუქტით დახმარება 2020 წლის 28 აპრილიდან, 1 კვირის განმავლობაში გაეწია და არა 1 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში, როგორც ანგარიშშია ნათქვამი.
„სრულად ვიზიარებ აღნიშნულ რეკომენდაციას და შევახსენებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - მთავრობის პირველივე საჯარო განცხადებისთანავე, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნის შესახებ, მე გახლდით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ფონდს 300 000 ლარი შესწირა. აქვე დავაზუსტებ, რომ აღნიშნულ ფონდში თანხა 2020 წლის 21 მარტს გადაირიცხა, ხოლო 16 000 ოჯახს პროდუქტით დახმარება 2020 წლის 28 აპრილიდან, 1 კვირის განმავლობაში გაეწია და არა 1 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში.
და ბოლოს, ჰუმანიტარულ ჭრილში, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ უკიდურესად დაამძიმა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აპრილ-მაისის პერიოდში იწყება სამეურნეო მიწების დამუშავება და არა მოსავლის აღება, სოფლად მცხოვრები უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ითხოვდნენ შველას. ამიტომ მიმაჩნია, ჩემს მიერ ამ ოჯახების დასახმარებლად გაღებული პირველადი საჭიროების პროდუქტი გახლავთ მათი სოციალური მდგომარეობის მცირედი შემსუბუქება და არა „მოსყიდვა“. მჯერა, საზოგადოება სწორად შეაფასებს ჩემს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს“, - აღნიშნავს ოქრიაშვილი.