თბილისის მერი გიგი უგულავა სამგზავრო ავტობუსების ელექტრო ტრანსპორტით ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეულის გახსნაზე განაცხადა.
"მერიას დაქვემდებარებული ავტობუსები წელიწადში 29 მილიონი ლარის დიზელს წვავს. ერთის მხრივ, ეს არის თანხა, რომელიც გარეთ გადის, მეორეს მხრივ ეს არის ერთ-ერთი დიდი წყარო დაბინძურების, ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ რამდენიმე წელში, ეტაპობრივად ელექტრო ტრანსპორტით ჩავანაცვლოთ ავტობუსები", - აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, თბილისი ძალიან რელიეფური ქალაქია და ველოსიპედი, როგორც გადაადგილების საშუალება არ გამოიყენებოდა განსხვავებით საქართველოს სხვა ქალაქებისგან, სადაც რელიეფი უფრო სწორია.
შეგახსენებთ, რომ დღეს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა.
"კლიმატის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ კი ღონისძიებებს ველოსიპედისტების და სკეიდბორდისტების მსვლელობა გახსნა, რომელშიც მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ევროგაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღეს მონაწილეობა.
"კლიმატის კვირეულის", რომლის ლოზუნგია - "ვიმგზავროთ გონივრულად, ვიცხოვროთ უკეთესად", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ორგანიზებით და ევროგაერთიანების მხარდაჭერით ტარდება.