ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში, მდინარე რიონის ადიდების გამო, 50-მდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა.
მოსახლეობა დატბორილი სახლებიდან მაშველებმა და რეზერვისტებმა გამოიყვანეს.
სოფელში 90-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, რიონმა ჯებირები გამთენიისას, 04:00 საათზე გარღვია და მდინარე მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა.
სტიქიის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დახოცილია შინაური ფრინველები, ასევ განადგურდა ზამთრისთვის მომარაგებული პროდუქტები.
მოსახლეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქია კვლავ მძვინვარებს, თუმცა წყლის დონის კლების ტენდენცია შეინიშნება.