დღეს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დომინიკ რააბმა ოფიციალურად გამოაცხადა ინდივიდუალური სანქციების დაწესების შესახებ, რუსეთის იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მაგნიტსკის საქმესთან.
ჩვენ ვაწესებთ სანქციებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეშ დარღვევაში იღებდნენ მონაწილეობას.
ეს პირები მონაწილეობდნენ სერგეი მაგნიტსკის, რომელმაც ფარდა ახადა რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდ საგადასახადო თაღლითობას, წამებსა და მკვლელობაში", - თქვა დომინიკ რააბმა.
სანქცირებულ პირთა სიაში რუსეთის 25 მოქალაქეა შესული, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები და ექიმები.
ამავე სიაში შესულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ბასტრიკინი.
შეგახსენებთ, 2018 წელს, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ, ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო მაგნიტსკის სიის შესწორება, რომელიც აძლევს საშუალებას, ევროკავშირისგან დამოუკიდებლად პესრონალური სანქციები დააკისროს უცხოელებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან კავშირში.
მაგნიტსკის აქტი
შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს მიიღო "მაგნიტსკის აქტი", რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.
"მაგნიტსკის აქტი, იურისტ სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს, რომელიც 2009 წელს მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში გარდაიცვალა.
მაგნიტსკი დააკავეს, როცა მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მითვისებასთან დაკავშირებული მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემის გამოსააშკარავებლად.
2016 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კიდევ ერთი კანონი, რომლითაც პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება, განაახლოს იმ უცხოელთა სია, რომლებიც დამნაშავეები არიან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.
მსგავსი სამართლებრივი აქტები მიიღეს ასევე კანადაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და გაერთიანებული სამეფოში.