გამოჩენილი ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა. ბერად აღკვეცის საიდუმლო ამირეჯიბის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის სახლში ბორჯომისა და ბაკურიანის მეუფე სერაფიმემ შეასრულა. სასულიერო ცხოვრებაში მას სახელი დავითი მიენიჭა.
საქართველოს-კათალიკოს პატრიარქის კურთხევით ბერი დავითი საკუთარ სახლში გააგრძელებს ცხოვრებას, რადგან მას გადაადგილება არ შეუძლია. მას ასევე უფლება ექნება წერის გაგრძელებისა.
წესის შესრულების შემდეგ ბერს სასულიერო შესამოსელი და სკვნილი გადასცეს და ლოცვის კურთხევა მისცეს.
ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წლის 18 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი სახელგანთქმული ნაწარმოებებია: "დათა თუთაშხია", '"გორა მბორგალი", "გიორგი ბრწყინვალე" და სხვები. "დათა თუთაშხიას" მოტივებით გიგა ლორთქიფანიძემ ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო.
ჭაბუა ამირეჯიბი არის: სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სახელმწიფო პრეემიის (1998) მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი(2001), ამასთან, დაჯილდოვდა უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ნაწარმოებები დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს ხალხთა ოცდაათ ენაზე