2020 წელს, სავარაუდოდ 10 მლნ ტურისტს ველოდებოდით, 50 000 რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ეკონომიკისთვის, მათი 1%-იც რომ იყოს ინფიცირებული, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მინისტრის თქმით, ბოლო დღეებში არის ძალიან ბევრი საუბარი იმაზე, თუ რატომ ვაგვიანებთ, რატომ არ ვხსნით საზღვრებს.
"მინდა, ცოტა სიცხადე შემოვიტანო. თავისთავად, ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ჩვენ მოვხვდით იმ 14 ქვეყნის რიცხვში, რომლებთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოდ ჩათვალა მიმოსვლა, მაგრამ ევროკავშირის შიგნითაც, ევროკავშირის ფარგლებშიც კი, ყველა ქვეყანას ერთგვაროვანი მიდგომა არ აქვს. მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, რომ 30 სექტემბრამდე გადაავადოს და ჯერ კიდევ არ გახსნას საზღვრები. ჩვენც ვაკეთებთ ყოველდღიურ ანალიზს და ჩვენს ამ ნაწილში სიფრთხილეს აქვს შემდეგი ლოგიკა და შემდეგი ახსნა: ევროკავშირიდან დღეს ფრენებით საქართველოში რა რაოდენობის ადამიანიც შეიძლება, ჩამოვიდეს, ეს არის შედარებით მცირე რაოდენობა ადამიანების, იმ გაუარესებული სენტიმენტების, განწყობების გათვალისწინებით, რომლებიც ზოგადად არსებობს მსოფლიო ტურიზმთან და მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს ადამიანების საკმაოდ მცირე რაოდენობაა“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრის განმარტებით, ეკონომიკისთვის ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია და არ აწყენს იმ ფონზე, როდესაც საერთოდ არ არის ქვეყანაში ტურისტი.
„მაგალითს მოგიყვანთ. ჩვენ სავარაუდოდ 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, უბრალოდ განცდისთვის გეუბნებით, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ეკონომიკისთვის. მათი ერთი პროცენტიც რომ ინფიცირებული იყოს, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს. მერე შეზღუდვები რომ არ დავაწესოთ, მთავრობა არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს, გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება. ამიტომ, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში, რისკი და სიკეთე მაინცდამაინც ვერ ბალანსდება. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ საერთოდ არ გავხსნით არავისთან? არა, ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, იქნება ეს ტესტირება, თუ სხვა ტიპის უსაფრთხოების წესები ისე დადგინდეს, რომ, პირველ რიგში, ავიცილოთ ეპიდემიოლგიური აფეთქება და მეორე რიგში, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ ეტაპისთვის ადეკვატური პრინციპია", განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.