მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სერიოზულად მოვიპოვებთ გამარჯვებას ამ არჩევნებში, დამოუკიდებლად, ყველას გარეშე, - განაცხადა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
მისი თქმით, "ერთიანი საქართველო" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავის არ ველაპარაკებით, ყველას ვეჩხუბებით და ქვებს ვესვრით, მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლების ოპონენტები, მე არ მაქვს აკვიატებული ხელისუფლების კრიტიკა. ზუსტად ვიცი, რატომ ვაკრიტიკებ ამ ხელისუფლებას, რატომ არის ხელისუფლება უსუსური, რატომ ვერაფერი ვერ გააკეთა და რისი შეთავაზება შეგვიძლია ჩვენ", - თქვა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება, მაჟორიტარებთან დაკავშირებით კოორდინირებას, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ თანაგუნდელებთან ერთად აპირებს, მხარი დაუჭიროს იქ, სადაც მათთვის მისაღები მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.