ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი, სერგო ჩიხლაძე ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის 1-ელ აგვისტომდე გადავადებას.
სერგო ჩიხლაძის თქმით, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება, რომ ტურიზმის გახსნა გამოიწვევს კატასტროფას და ვირუსი წაგვლეკავს, რბილად რომ ვთქვათ ტყუილია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
"დღეს კიდევ ერთხელ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ხელისუფლების ნათქვამს და დაპირებას არანაირი ფასი არ აქვს. არც მათი გამოქვეყნებული ე.წ. კრიზის გეგმები და ლამაზი პრეზენტაციები ღირს რამე.
მაშინ, როდესაც ევროპა გვიხსნის საზღვრებს და უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევყავართ, საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს ამ შესაძლებლობას და პირიქით ხმამაღლა აცხადებს რომ კიდევ მინიმუმ 1 თვე არ გახსნის საზღვრებს.
ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შევყავართ ამ სიაში, არის მართლაც კარგი შესაძლებლობა ქვეყნისთვის რეკლამირებისთვის, რომ წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც ტურიზმისთვის მომხიბლავი ქვეყანა და ასევე გავზარდოთ ქვეყნის ხილვადობა მსოფლიო მასშტაბით. ეს იქნება ტურისტულ და მომიჯნავე სექტორებში დასაქმებული ასობით ათასი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შვება და ფინანსური სარგებელი. არაფერს ვამბობ რა მნიშვნელოვანია ეს სახელმწიფოს ეკონომიკისთვის.
ეპიდსიტუაცია კი ქვეყანაში იმდენად მშვიდია, რომ თურნავას და სხვა მაღალჩინოსნების განცხადება რომ ტურიზმის გახსნა გამოიწვევს კატასტროფას და ვირუსი წაგვლეკავს, რბილად რომ ვთქვათ ტყუილია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
გარდა ამისა, ეს წინააღმდეგობაში მოდის თავად გახარიას და მთავრობის მიერ გაჟღერებულ ანტიკრიზისულ გეგმასთან. გვახსოვს, როგორ იწონებდა მთავრობა, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ვინც ტურიზმს გახსნიდა. სამწუხაროს ესეც მორიგი ბლეფი გამოდგა", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს, "ქართული ოცნება" იმიტომ ამბობს უარს ამ შესაძლებლობაზე, რომ უუნაროა და არ შესწევს ძალა, ტურიზმის გახსნისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაორგანიზებისა.
"ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქართული ოცნება უარს ამბობს ამ შესაძლებლობაზე და მიზანმიმართულ ზიანს აყენებს ისედაც ჩამოშლილ ეკონომიკას არის მათი, როგორც ხელისუფლების უუნარობა. მათ უბრალოდ ვერ დააორგანიზეს და ვერ გამართეს შემოსული ტურისტებისთვის ან სხვა ვიზიტორებისთვის დაენერგათ ეფექტური ტესტირების მექანიზმი, რომლითაც დავიცავდით საჭირო ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებს და პრაქტიკულად ნოლამდე დავიყვანდით ინფექციის გავრცელების რისკებს.
მოვუწოდებ ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს, რომ მოეშვან ამ მავნებლურ უმოქმედობას და მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციების მიწოდებას, რითაც ცდილობენ თავიანთი უმოქმედობის და უუნარობის გამართლებას", - ამბობს ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც 1-ლი ივლისიდან საზღვრების გახსნა რეკომენდებულია. მანამდე საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეოთხედ, 1-ელ აგვისტომდე გადაავადა.
როგორც ცნობილია, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან დაანონსდა.