მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება. ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.
ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე”, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ლი აგვისტოდან გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ები გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 ივლისის ჩათვლით.
როგორც ცნობილია, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან დაანონსდა. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად.
თუმცა საბოლოოდ საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეოთხედ, 1-ელ აგვისტომდე გადაავადა.