ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მსოფლიოს გერმანიის მეტი ლიდერობა ესაჭიროება.
"მსოფლიოს სჭირდება გერმანიის მეტი ლიდერობა. ნატო-ს სჭირდება გერმანიის მეტი ლიდერობა. ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ გერმანიამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, რადგან გერმანია არის უდიდესი ეკონომიკა ევროპაში", - თქვა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის ამ განცხადების ფონია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, შეამციროს გერმანიაში შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა.
ტრამპის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ იგი ესაუბრა პრეზიდენტ ტრამპს, ვიდრე ის ოფიციალურად განაცხადებდა სამხედრო კონტიგენტის შემცირების თაობაზე და ურჩია, რომ შეენარჩუნებინა ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ევროპაში.
ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის", - თქვა მან.
"ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა ხელს უწყობს ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებას", - დასძინა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა მნიშვნელოვანია.
"მე ვაფასებ გერმანიას, როგორც ძალიან მძლავრ და მნიშვნელოვან მოკავშირეს. ახლა გერმანია თავდაცვაში მნიშვნელოვნად მეტ ინვესტიციას აკეთებს. გერმანიას ახლა ყველაზე მეტი თავდაცვის ბიუჯეტი აქვს ევროკავშირში, ხოლო მესამე - ნატო-ში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ", - თქვა მან.