საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენით მიღებამდე სიფრთხილე და მობილიზება გვჭირდება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღებაზე პოზიცია შეცვალეს და სხდომას დაესწრებიან.
„დღევანდელი კენჭისყრა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე. მე პირადად, მიხარია, რომ იმ პარტიებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ კენჭისყრაში არ იღებდნენ მონაწილეობას, გადახედეს თავიანთ გადაწყვეტილებას და შეცვალეს პოზიცია. ეს სწორია იმიტომ, რომ არავითარი კითხვის ნიშანი, არანაირი საფრთხე არ უნდა გააჩინოს.
არ უნდა გავაჩინოთ კითხვები, რომ კენჭისყრამდე, შეიძლება, რაიმე მოხდეს. ამიტომ, პირადად მგონია, რომ ვინც ბოლო მომენტში შეცვალა პოზიცია და შეწყვიტა ბოიკოტი ოპოზიციური პარტიებიდან, ეს დააზღვევს იმ რისკებს, რაზეც ვლაპარაკობდით. ეს დააზღვევს იმ რისკებს, რომ შეიძლება, რაღაც გაუთვალისწინებელი მომხდარიყო კენჭისყრის პროცესში. ამიტომ, ახლა, ალბათ სრულიად გამორიცხულია, რომ რაიმე მოხდეს, იმიტომ, რომ საკმარისია იმ ხმების გათვალისწინებით, რისი მობილიზებაც ხდება, პირველი მოსმენით იყოს მიღებული, მაგრამ ვიდრე სამივე მოსმენით არ იქნება მიღებული ეს ცვლილებები და სისტემა არ შეიცვლება, იქამდე გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე და მობილიზება" , - განაცხადა ეკა ბესელიამ
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.