"სხვებისგან განსხვავებით არავისთან გვივაჭრია ამ თემაზე და არც სხვა თემასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრიან კენჭს.
"ყველას მოვუწოდებ, კარგად გავაცნობიეროთ, რა დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია - დიახ, არ არის იდეალური წარმოდგენილი ცვლილებები, ბევრი კრიტიკული შენიშვნა გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი მთელ ამ პროცესში თანმიმდევრული იყო. სხვებისგან განსხვავებით არ გვივაჭრია არავისთან ამ თემაზე და არც სხვა თემასთან დაკავშირებით. ამიტომ, დღეს ვალდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს და უზრუნველვყოთ სამართლიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ამ მიზნიდან გამომდინარე შევეცდები, რომ მოზომილი და სიტყვაძუნწი ვიყო, თორემ სათქმელს რა გამოლევს. ბევრი შენიშვნა გვაქვს უმრავლესობის მიმართ", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.