ეს არ იყო მხოლოდ პროტოკოლური შეცდომა. ახლა, ურემამობრუნებულზე, გზა რომ უფრო კარგად გამოჩნდა, უნდა ვაღიაროთ, რომ სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა იყო შეცდომა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლებოდა სხვა რაღაცების დათმობის ხარჯზე ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
„მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი კოლეგები არ დაგვეთანხმებოდნენ ამაში. არის რაღაც ფორმატები, რომელშიც ამ საკითხს ისინი პრიორიტეტად არ უყურებენ, მაგალითად ბერძნები. იმ დღეს გავრილოვის თანაწამყვანი უნდა ყოფილიყო ჩვენი ბერძენი კოლეგა და გავრილოვი იქ არ უნდა მჯდარიყო. პროტოკოლში ასე იყო“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები გააპროტესტებდნენ გავრილოვის არ ჩამოშვებას, რადგან ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა მას არ უფიქსირდებოდა.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ჩვენ ალბათ ეს ადამიანი არ უნდა ჩამოგვეშვა“, - აღნიშნა მდინარაძემ.