ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, სხვა გზა არ გვაქვს, - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, აქციის მიზანია განამტკიცოს ქვეყნის დასავლური არჩევანი.
„არც ერთი სახელმწიფო რუსეთის გავლენის ქვეშ არაა განვითარებული - ესაა ქვეყნები, საიდანაც ხალხი გარბის; სადაც ელიტებს აქვთ საზოგადოებრივი სიკეთეები - ასეთი საქართველო არ უნდა იყოს, ესაა ბრძოლის მთავარი ხაზი. გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა. გავიმარჯვებთ, თუ ავაშენებთ დამოუკიდებელ სასამართლოს; განათლების სისტემას, სადაც შვილებს ექნებათ მომავალი; ეკონომიკას ისეთს, საიდანაც ხალხი არ გაიქცევა და თვიდან თვემდე არ იქნებიან გაძლებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ავაშენოთ ქვეყანა, სადაც ყველა თანასწორია, არ არსებობს რუსეთის გამოგონილი მტრის ხატები, სადაც განსხვავება გვაერთიანებს, ყველა მოქალაქეს აქვს რეალიზების საშუალება. საქართველო აუცილებლად იქნება განვითარებული დამოუკიდებელი ქვეყანა - ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, სხვა გზა არ გვაქვს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძე.