სამართალდამცავებმა ორი ებრაელი ბიზნესმენი დააკავეს. ორივე მათგანი მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემაშია ეჭვმიტანილი.
ქართველმა სამართალდამცავებმა ისინი ბათუმის ელიტარულ რესტორანში, ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის ერთ-ერთ მოადგილესთან შეხვედრისას აიყვანეს.
"დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბიზნესმენები რონი ფუქსი და ფრენკ ზეერი რომლებიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საქართველოს ინტერესების საზიანო გარიგებით ქრთამის სახით სთავაზობდნენ 7 მილიონ აშშ დოლარს. ამ დანაშაულში ასევე ჩართული იყო მათი პარტნიორი, ამჟამად უცხოეთში მყოფი ივანოს კარდოსოპულოსი", _ აცხადებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე.
ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია საქართველოს მთავრობას 700 მილიონ აშშ დოლარს სძალავდა. ყველაფერი 1991 წლიდან იწყება, როდესაც კომპანია "ტრამექსმა" საქართველოში ნავთობისა და გაზის უფლების მოპოვების ექსკლუზიური უფლება მიიღო. 1995 წელს მას ეს უფება ჩამოართვეს და გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კომპანიას გადასცეს. წლების შემდეგ "ტრამექსმა" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და კომპანსაციად 700 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა.
მას შემდეგ რაც ეს თანხა ვერ მიიღო მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელს 7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის სახით შესთავაზა. ამ თანხის სანაცვლოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მთავრობა უნდა ეიძულებინა, რომ "ტრამექსისათვის" 100 მილიონი დოლარი მაინც გადაეხადა.
ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია "ტრამექსის" წარმომადგენლები ქრთამის მიცემის ბრალდებით უკვე დააკავეს.
უკვე დაკავებულია ისრაელის ორი მოქალაქე ფრენკ ზეერი და რონი ფუქსი. ისინი კორუფციულ გარიგებაში შედიოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან, კონკრეტულად კი ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ავთანდილ ხარაიძესთან, რომელსაც ქრთამის სახით საქართველოს ინტერესების საზიანოდ სთავაზობდნენ 7 მილიონ აშშ დოლარს.
ამის შესახებ შს სამინისტრო რა თქმა უნდა ინფორმირებული იყო თავად ხარაიძის მიერ. შეხვედრა ხარაიძეს, ფუკსა და ზეერის შორის შედგა გუშინ ბათუმში, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ ხარაიძეს უნდა აეღო მათგან ქრთამის სახით 7 მილიონი აშშ დოლარი. სწორედ ამ დროს ფუქსი და ზეერი სამართალდამცავებმა დააკავეს.