ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი მოინახულეს და ტურისტული ობიექტის გახსნამდე, ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
20 ივნისიდან ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეემატება. ერთ-ერთი პირველი ვიზიტორებს უფლისციხე და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი მიიღებს.
ტურისტული ნაკადების გაზრდის სტიმულირებისთვის მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების სატარიფო განაკვეთები შეიცვალა და მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვიზიტორთათვის მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბილეთის ფასი განახევრდება.
"საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. დღეს ჩვენ შიდა ქართლში დავათვალიერეთ ძალიან მიმზიდველი ტურისტული ლოკაციები, რომლებიც უკვე მზად არიან საქართველოს მოქალაქეთა მისაღებად. მოვინახულეთ სხვადასხვა ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, მათ შორის სხვილოს ციხე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე გახდება საერთაშორისოდ აღიარებული ტურისტული მარშრუტი. რაც შეეხება უფლისციხეს, მუზეუმი სრულად ადაპტირებულია covid-19-ის რეგულაციებთან მიმართებით. მუზეუმი 20 ივნისიდან ყველა სტანდარტის დაცვით შიდა მოგზაურებს უმასპინძლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრთხილად, ეტაპობრივად ავამოქმედოთ შიდა ტურიზმი, რომ პირველ რგიში ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა. მოვუწოდებ ყველას იმოგზაურეთ საქართველოში და რა თქმა უნდა ეწვიეთ შიდა ქართლს", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ის ობიექტები მოინახულეს, სადაც 2021 წლიდან საერთაშორისო მოგზაურებსა და საქართველოს მოქალაქეებს ახალი შემეცნებითი გასართობი სივრცეები ექნებათ ხელმისაწვდომი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტიური ძალისხმევით, მომდევნო წლიდან ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებს ახალი მიმართულებებიც შეემატება.
ახლო მომავალში სრული დატვირთვით ამოქმედდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციით იქნება აღჭურვილი. ტურისტულ მარშრუტებს შეემატება რესტავრირებული და ორიგინალური ატრაქციებით განახლებული სხვილოს ციხეც.
ობიექტებზე სარეაბილიტაციო და სამუზეუმო მოწყობის სამუშაოების დასრულება წელს იგეგმება.