დექსამეტაზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი და სხვა, საქართველოში და ყველა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება და ამაში ახალი არაფერია, - მის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ტაქტიკა არის ასეთი, როცა ციტოკინური შტორმი არ არის გამოხატული, დექსამეტაზონის გამოყენება არ არის სასურველი და მიზანშეწონილი, მაგრამ მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც მოთავსებული არიან რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე, მათი გამოყენება გამოდგა კარგი, მან შეამცირა ლეტალობის მაჩვენებლები.
„იმ კონკრეტულმა კვლევამ უჩვენა, რომ მძიმე პაციენტების გარკვეულ პროცენტში იძლეოდა დამაიმედებელ შედეგებს, შეიძლება, ხვალ სხვა კვლევა გამოქვეყნდეს, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ თვითონ კორტიკოსტეროიდები არის ფართედ მოხმარებადი მედიკამენტები და, მათ შორის, კოვიდის დროსაც გამოიყენებოდა ფართოდ, ოღონდ ამ კორტიკოსტეროიდებს აქვს თავისი ჩვენებები, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენ მედიკამენტს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ოფიციალური პროტოკოლებით და გაიდლაინებით, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით, კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ არის რეკომენდირებული კოვიდის ჩვეულებრივი ფორმების დროს, რადგან ეს მედიკამენტები აქვეითებს ადამიანის იმუნიტეტს და ხელს უწყობს, რომ ვირუსმა გაიხანგრძლივოს თავისი არსებობა ადამიანის ორგანიზმში.