16 რესტორანი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯამში შემოწმდა 26 კომპანია, მათგან 16-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, რის გამოც დაჯარიმდნენ.
"პარასკევს და შაბათ-კვირის განმავლობაში, ჩატარდა ინსპექტირებები ასეთი ტიპის ობიექტებზე. ჯამში შემოწმდა 26 კომპანია. მათგან 16-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები. თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა, 10 000 ლარის ოდენობით. ეს არ არის ჩვენი სამსახურის ან სახელმწიფოს თვითმიზანი, რომ სანქცირება გამოვიყენოთ. ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია", - განაცხადა ფერაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები პირველი ივნისიდან გაიხსნა, ხოლო 8 ივნისიდან გაიხსნა დახურული სივრცის რესტორნები.