2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გასულ წელს 422-მა პირმა მომართა, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშში, რომელსაც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
ანგარიშის მიხედით, 242 მიმართვის ავტორი იყო მონაცემთა სუბიექტი, 175-ის - სხვა დაინტერესებული პირი, ხოლო 5 მიმართვა იყო ანონიმური.
"შემოსული განცხადებების 81% შეეხებოდა მონაცემთა დამუშავების საკითხებს კერძო სექტორში, 11% - სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო 8% - სხვა საჯარო უწყებებში", - წერია ანგარიშში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახური ქვეყანაში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის (რომელიც 2013 წლიდან არსებობდა) უფლებამონაცვლე.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სამსახური საქმიანობს სამი მიმართულებით: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.