დღეიდან, საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია და საქართველოს მოქალაქეებს ტურისტულ აქტიობაში ჩართვა და სხვადასხვა ლოკაციების მონახულება შეუძლიათ. დღეიდან აღდგა შიდა რეგულარული ფრენებიც.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შიდა ტურიზმის გასახსნელად კერძო სექტორი მზადაა, ადმინისტრაციის ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც ტურისტულმა ობიექტებმა თუ ტურისტულმა ტრანსპორტმა უნდა გაითვალისწინოს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ტურიზმის გახსნა ხდება საკმაოდ ფრთხილად, რათა ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული იყოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
"თითოეული ჩვენთაგანს, საქართველოს მოქალაქეს ახლა გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდში დავუდგეთ ესეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას. ხელი შევუწყოთ, მცირე, საშუალო და მსხვილი ტურისტული კერძო სექტორის განვითარებას.
ნამდვილად ძალიან ლამაზია ის ტურისტული ლოკაციები, რომელიც საქართველოს ძალიან უხვად გააჩნია და აქედან გამომდინარე, მოდით ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ადგილი აქვთ სანახავი. ყოველთვის გვქონდა ალბათ სურვილი, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად გვემოგზაურა და ალბათ წლევანდელი წელი არის ის შესაძლებლობა, რომელიც ვფიქრობთ რომ ძალიან სწორად იქნება შეფასებული მოსახლეობის მხრიდან. კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე იყოს დაცული ის ნორმები და რეგულაციები, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებაში", - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
ტურიზმის გახსნისთვის საჭირო ყველა რეკომენდაცია კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავდა და ამიტომ მისი პრაქტიკაში გადატანა ბინზესისთვის რთული აღარ არ არის.