რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს "ქვეყანაში არსებულ შიდა კრიზისს" მიაწერს და ირწმუნება, რომ პანდემიას რუსეთი უკეთ უმკლავდება, ვიდრე აშშ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის სახელმიწფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელთაგან, გაბედოს და თქვას, რომ იგი არ შეასრულებს მთავრობის ან პრეზიდენტის განკარგულებას", - თქვა პუტინმა.
"მეჩვენება, რომ აშშ-ში მთავარი პრობლემა პარტიული ინტერესების საზოგადოებისა და ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენებაა", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.
შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, დაიღუპა 115 ათასზე მეტი ადამიანი, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რუსეთში 528 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მსოფლიოში მესამეა აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ. დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურად 6 948-ს შეადგენს, რაც ჯანდაცვის ექსპერტებისთვის, საკამათოა.
სხვადასხვა სანდო წყაროები იუწყებიან, რომ სიკვდილობის სტატისტიკის წარმოებისას, რუსეთი არ ითვლის გარდაცვლილთა იმ რაოდენობას, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ, მაგრამ გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება იყო.