დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო და პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დავიცვათ.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა„ქრონიკას“ განუცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ციფრები, რომელიც ბოლო სამი-ოთხი დღეა გვაქვს, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ.
„ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12,13-14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს ერთი დაემატა. სულ დადასტურებულია - 864 შემთხვევა, აქტიურია - 161, გამოჯანმრთელებული- 703, გარდაიცვალა - 14.