„გადაიჭრება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა და ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 15 ათას ადამიანს შეეხება“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით დაკავშირებით დეპუტატ ნინო გოგუაძის შეკითხვას უპასუხა და განმარტა, რომ ათასობით ოჯახს ბინა დაუკანონდება და ისინი საკუთარი ქონებით სარგებლობას შეძლებენ.
„ეს საკითხი ნამდვილად იყო წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა, 90-იანებიდან მომდინარეობს. სხვათაშორის, მე არ მინდა სპეკულაციების გაგრძელება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დღეს ძალიან აქტიურობენ პოლიტიკურად, მხილებულნი არიან 90-იანებში ამ ბინების განიავების და სუბიექტურად განაწილების საქმეებში. ჩემი დავალებით კომისიამ იმუშავა უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს საკითხი დავამუშავეთ და გვაქვს სრული მზაობა, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანოთ პროექტი, რომელიც მოიცავს 5 ათასი ბინის დაკანონებას. შესაბამისად, თქვენს მიერ ნახსენები 300 ოჯახი ამ პროექტში მოყვება. ამით გადაიჭრება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა. ეს გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 15 ათას ოჯახს. მათ სრულად შეეძლებათ, რომ კანონის შესაბამისად ისარგებლონ საკუთარი ქონებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.