არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი ბრალი, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
სანიკიძე აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანს ბოდიშს უხდის.
„გუშინ, „ტვ პირველის“ ეთერში არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი ბრალი. არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ ბოდიში მინდა, მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს.
მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ, საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია, ფაქტობრივად იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს წარმომადგენლებს თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო“,- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძემ ტვ „პირველის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის საუბრებს ისმენს.
„20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
სანიკიძის ამ განცხადებას საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა. კელი დეგნანმა სანიკიძის განცხადებას აბსურდი და ტყუილი უწოდა.
„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც ფაქტობრივად, ტყუილია“, – განაცხადა დეგნანმა.