უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, ყოფილი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, განცხადებას ავრცელებს და სამედიცინო ცენტრი მომავალზე თავის ხედვას წარადგენს. ისინი აპროტესტებენ გაურკვეველი ვადით ცენტრის დახურვას.
„გვთავაზობენ რომ გაურკვეველი ვადით (მათი განცხადებით) უმუშევრად დავტოვოთ 240-ზე მეტი ადამიანი. და ეს მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის „ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა“. ასეთი მიდგომა გვაფიქრებინებს მთავრობის ქვედა დონის ჩინოვნიკების მხრიდან მთავრობის ძირითადი პოლიტიკური ხაზის საბოტაჟზე“, - წერია განცხადებაში.
განცხადების ავტორები ითხოვენ საკუთარი ნებით გადადგეს დირექტორი, რადგან შეკითხვებზე: ვინ არიან დონორები, არის თუ არა აღდგენის პროექტი, რა მოელის არსებულ რადიაქტიურ მასალებს, მას გასცა ერთიანი პასუხი - არ ვიცი.
ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს კითხვები არის მომავალი განვითარების საკითხი და პიროვნებამ, რომელიც პასუხისმგებელია ამ მომავალზე არ იცის არაფერი, ამდენად, იგი ვერ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
მეორე საკითხი, რაზეც განცხადებაში გამახვილებულია ყურადღება სწორედ, არსებულ რადიაქტიურ მასალების ბედს ეხება.
„ ეს მასალები არ წარმოადგენენ საფრთხეს თუ ისინი დაცულ გარემოში არიან. დაცული გარემო უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე დაცული ადგილი. მაგრამ, თუ თანამდებობის პირმა, რომელიც პასუხისმგებელია ამ გარემოზე არ იცის რა მოელის ამ მასალებს, ამ განცხადებას, ავტომატურად გადაჰყავს საკითხი საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის შეფასებებში და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ასეთი განცხადება მკვეთრად ამცირებს გარემოს უსაფრთხოებას“, - წერია განცხადებაში.
მესამე საკითხი კი ის არის, რომ თანამშრომელთა აზრით, ცენტრის მომავალი აბსოლუტურად გაურკვეველია.
„კანონის თანახმად ა(ა)იპი იქმნება საზოგადოებრივი საჭიროებისთვის და უნდა ჰქონდეს იდეალური მიზანი, რაც ხელმძღვანელობამ ვერ წარმოადგინა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი არის აბსოლუტურად გაურკვეველი. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ე.წ. (ვინაიდან ჩვენ არ ვიცით ვინ არიან) დონორების დასაბუთებული პოზიცია, რომელიც გამაგრებული იქნებოდა რაიმე საპროექტო წინადადებით მაინც, იმის თაობაზე, რომ ცენტრი უნდა დაიხუროს რემონტის პროცესში“, - წერია განცხადებაში.