"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმენების ანგარიშით მის მიერ ხალხისთვის მიცემული პირობა შესრულდა.
"ჩემ მიერ ქართველ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია. დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული. ამერიკის შეერთებული სტატების კონგრესში გაკეთებული დასკვნით, ბიძინა ივანიშვილი სავსებით სამართლიანად მიჩნეულია პრეზიდენტ პუტინის თანამოაზრედ“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
13-მა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში, რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვისაც ითხოვა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.