ქართველებმა და რუსება არ უნდა დაივიწყონ ის ღირებულებები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ გვაკავშირებს, _ განაცხადა ქართული წარმოშობის რუსმა მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, სადაც მას მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.
"რაც ეხლა ხდება ჩემთვის დიდი მოულოდნელობა და ბედნიერებაა. მამაჩემი, ბაბუაჩემი ქართველი იყო. ჩემი ძმა წელს დაიღუპა. გამოვიკვლიე და ჩემი ნახევარ ძმა გიორგი ბასილაშილი, არტილერიის კაპიტანი, კურსკში საბჭოთა კავშირის დაცვის დროს დაღუპულა. 1941-43 წლებში საქართველომ მე ბებიაჩემი და დედაჩემი შეგვიფარა თბილისის უნივერსიტეტში. რა უნდა ვთქვა, საქართველო ჩემთვის ყველაფერია. არ უნდა დავივიწყოთ ერთმანეთი. საქართველო ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე მოძმე ერი. ლიხაჩოვის სიტყვებია პოლიტიკური სისტემების არსებობა კულტურის მიღმა ყოველგვარ აზრს კარგავს. ერთადერთი რაც კაცობრიობას მეხსიერებაში რჩება ისაა რასაც ქვეყნები და ადამიანების გულები ერთმანეთისთვის ქმნიან. ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ ის ღირებულებები, რომლებიც ქართველებსა და რუსებს ერთმანეთთან გვაკავშირებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელები ყოველგვარ ღონეს იხმარენ, რომ ჩვენი ურთიერთობები ძველებურად თბილად და კარგად დაარეგულირონ", _ განაცხადა ბასილაშვილმა.
ბასილაშვილთან ერთად პრეზიდენტს ქართველო გამოჩენილი ხელოვნების მოღვაწეებიც ეწვივნენ, მათ შორის თემურ ჩხეიძე, ბუბა კიკაბიძე და სხვები.