შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. განაცხადა თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, რომლის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
"ბევრი მაგალითი იყო, როცა ხალხმრავალი შეკრებები განახლდა. სურათი დაიდო "ფეისბუქზე" - კაფე "ფაბრიკაში" ელემენტარულად არ იყო დაცული არანაირი სოციალური დისტანცია, პირბადეები, არაფერი. სულ ამის ფიქრი მქონდა და ამაზე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ არ შეიძლება რომ შევირგოთ ის, რასაც მივაღწიეთ ამ პირველი ტალღის დროს? მოდით, შევირგოთ და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. თუ აქამდე ვერიდებოდით ხალხმრავალ შეკრებებს, ახლა ყოველდღე ნუ გავმართავთ ასეთ შეკრებებს. უცებ ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას, იგივე სოციალურ დისტანცირებას და სხვა", - განაცხადა ცერცვაძემ.