ბოსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოტეხეს. იტყობინება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, ვანდალური აქტი უკავშირდება შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო ანტირასისტულ ტალღას, რომლის ფარგლებშიც, კოლონიალურ წარსულთან ან მონათმფლობელობასთან კავშირში მყოფ ისტორიულ პიროვნებათა ძეგლი სხვადასხვა ადგილას დააზიანეს.
როგორც ირკვევა, ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება სხვა დროსაქც გამხდარა ვანდალიზმის სამინზე.ქანდაკებას, რომელიც ბოსტონში 1979 წელს აღიმართა, 2006 წელს თავი მოტეხეს, ხოლო 2015 წელს წითელი საღებავი შეასხეს.
ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ დაზიანებულ ქანდაკებას დროებით საცავში მოათავსებე, ხოლო მის საჯარო სივრცეში დაბრუნების საკითხს, მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტენ.
ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.
30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.