ხვალ, 15 ოქტომბერს, მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები თბილისს დატოვებენ.
გამგზავრებამდე კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის ხელმძღვანელობით ბოდბის მონასტერს ესტუმრება და წმინდა ნინოს საფლავს მოილოცავს. ასევე, დაგეგმილია, პრაღის, ჩეხეთისა და სრულიად სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტოფორეს ვიზიტი გორში და იქ სიწმინდეების მოლოცვა.
შეგახსენებთ, რომ 11-13 ოქტომბერს საქართველოს სვეტიცხოვლის ტაძრის დაარსებიდან 1700 და განახლებიდან 1000 წლისთავთან დააკავშირებით საქართველოს ათზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაცია ეწვია, რომლებმაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრნენ, ასევე მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც სვეტიცხოვლის 1000 წლისთავს მიეძღვნა.
ამასთან, სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც შეხვდა.