უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკის ქვეშ ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ეპიდემიას ვმართავთ ჩვენ ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ თუ ახლა სწორად არ დავალაგეთ, ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის სწრაფი გამოვლენა, ე.ი. ტესტირების გაკეთების სწრაფი მექანიზმი უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს საკონტროლო წერტილების მაღალი რისკის შემცველი, რომ ინფიცირებულების გამოვლენა მოხდეს სწრაფად. შემდეგ ჯანდაცვის სისტემა ძლიერი უნდა იყოს, რომ სწრაფად უმკურნალოს ადამიანს და დააბრუნოს ყველა თავის სამუშაო ადგილზე: ფერმერი ბაღში, მუშა ქარხანაში, მეცნიერი ინსტიტუტში, მოსწავლე სკოლაში და საჯარო მოხელე იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს. ეს ყველაფერი უნდა მოვასწროთ 4-5 თვეში. არავინ იცის რა იქნება. სერიოზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს მეცნიერებაში ხარჯავენ ხან ამბობენ, რომ მეორე ტალღა იქნება, ხან ამბობენ, რომ არ იქნება, ხან ამბობენ 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან ამბობენ, რომ ვაქცინა 2 წელი არ იქნება. ძალიან დიდი გაურკვევლობა არის ამ კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.